შესვლა

ან

,,დია" - კოლხური ღვინის ფესტვალი
address

ზუგდიდის დადიანების სასახლე

ფესტივალი ყოველი წლის შემოდგომაზე ზუგდიდში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე ტარდება.

ფესტივალის მიზანი კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობაა. ფესტივალის სიმბოლო სამეგრელოში გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძველი წელთაღრიცხვით VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული სკულპტურაა, სადაც ცხენზე ამხედრებულ ქალს ერთ ხელში ყანწი მეორეში კი თოთო ბავშვი უჭირავს.

ობოხუობა
address

მუხური

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში აღინიშება ,,ობოხუობა“. ობოხუა, - არის 2 მეტრამდე სიმაღლის, ხისგან დამზადებული, მაღალი წყვილი ჯოხი, რომელსაც სამეგრელოში ჭაობებზე და მდინარეზე გადასასვლელად იყენებდნენ. ,,ობოხუობა“ გულისხმობს აღიშნული ოჩოფეხებით როგორც ხმელეთზე, ასევე მდინარე ხობისწყალზე სპორტულ შეჯიბრებას. გამარჯვებულია ის, ვინც პირველი მიაღწევს ნაპირს აღნიშნული ,,სატრანსპორტო საშუალებით“. 

მენჩურუა
address

მუხური

,,მენჩურუა“ ანუ იგივე ,,წყალჭიდი“ იმართება მთიანი სამეგრელოს სოფელ მუხურში, მდინარე ხობისწყალზე, თამარ მეფის დროინდელ ხიდთან, ყოველი წლის აგვისტოს თვეში. სპორტული შეჯიბრება-ფესტივალი საკმაოდ პოპულარულია სოფელში და მასზე დასასწრებად როგორც მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიდან, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც ჩამოდიან.

მეცნიერთა ვარაუდით, მენჩურუა ანუ წყალჭიდი კოლხ მებრძოლ ზღვაოსანთა შექმნილია და დაახლოებით 3 ათასწლოვან ისტორიას ითვლის. შეჯიბრება იმართება მდორე, ღრმა და სუფთა წყალში, მსაჯის ნიშანზე, მეტოქეები ერთმანეთთან ბრასით მიცურდებიან და ცდილობენ ხელის თავში, კისერში ან მხრებში ჩავლებით მოწინააღმდეგე ჩაძირონ. წაგებულად ითვლება ის, ვისაც თავზე წყალი გადაუვლის. შეჯიბრება ძიუდოს წონითი კატეგორიების შესაბამისად (7 წონით კატეგორიაში) და ძიუდოს ტურნირების მსგავსი სტრუქტურით იმართება. აკრძალულია წყლის განზრახ შეშხეფება, განზე გახტომა, გაქცევა, მაჯაში ხელის ჩავლება, ხელ-ფეხის ჩარტყმა, წელსა და ფეხზე ჩამოკიდება - ამ წესის დამრღვევი შეჯიბრებიდან იხსნება.

ხაჭაპურის ფესტივალი
address

რუხის ციხე

ხაჭაპურის ფესტივალი წარმოადგენს ერთდღიან გასტრონომიულ ღონისძიებას, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის (DMO) და USAID/Zrda-ს ორგანიზებით, ასევე რეგიონული ხელისუფლების და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ყოველ შემოდგომაზე, ზუგდიდთან ახლოს მდებარე, სოფელ რუხში ტარდება. 

ფესტივალი იზიდავს ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებს გამორჩეული და საინტერესო გასტრონომიული ღონისძიების მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი თემის წარმომადგენლები და ცნობილი ქართველი შეფ-მზარეულები - დარგის ექსპერტები (აღიარებული მასტერ-შეფები, გასტრონომიის მოყვარულები და ა.შ.), რომლებიც ვიზიტორებისთვის უფასო მასტერ-კლასებს ატარებენ.

ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ასევე კონკურსი სხვადასხვა სახეობის ხაჭაპურის მომზადებაში (მეგრული, იმერული, აჭარული, აფხაზური, გურული, რაჭული, სვანური, მესხური, ქისტური, ოსური, თუშური), რის შედეგადაც ჟიურის წევრების მიერ საქართველოს გასტრონომიულ ასოციაციასთნ ერთად გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები. ღონისძიების მიზანია სამეგრელოსა და ქვეყნის ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტის - ხაჭაპურის - პოპულარიზაცია.

ცოტნეობა
address

ხობის მონასტერი

სახალხო დღესასწაული ხობში, რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს აღინიშნება. დღესასწაული ეძღვნება ცოტნე დადიანს, ვისი რწმენა, სიყვარული და თავდადება თითოეული ქართველისთვის გმირობისა და ერთგულების მაგალითია. ქვეყნისთვის თავდადებული მამულიშვილი XIII საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

კონსტანტინეობა
address

სუჯუნა

აბაშაში, 15 მაისს, ყოველწლიურად, დიდ კლასიკოსსა და ქართული კლასიკური ლიტერატურის ღმერთკაცს, კონსტანტინე გამსახურდიას, მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად, სახალხო ზეიმს უძღვნიან. ამ დღეს კიდევ ერთხელ იხსენებენ ადამიანს, რომელმაც დაუვიწყარი ლიტერატურული სახეები შექმნა და უკვდავება მოიპოვა!

ჯარალუა
address

ქუაქანცალია

ოქტომბრის ბოლო კვირას, ყოველწლიურად, წალენჯიხაში ჯარალუაა! სახალხო ზეიმი, ხალხური ტრადიციებითა და ადათებით გაჯერებული ულამაზესი დღესასწაული, სადაც უამრავი ადამიანი მონაწილეობს. იმართება სპორტული ღონისძიებები და კულინარული კონკურსები.

ეგრისობა
address

ციხე-გოჯი

სახალხო დღესასწაული ნოქალაქევის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე იმართება. დღის განმავლობაში ტარდება სხვადასხვა აქტივობები: შეჯიბრება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შესულ ცხენოსნობის სახეობებში - ისინდი, ცხენბურთი და მარულა, ეთნოგრაფიული კუთხეების გამოფენა, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ადგილობრივ შემოქმედთა ნახატების გამოფენა, საპატიო სენაკელების დაჯილდოების ცერემონიალი, გალა-კონცერტი და სხვა. დღესასწაული, რომელიც 2013 წელს, 26 წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა, ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება.

ჭყონდიდობა
address

მარტვილის კანიონი

ჭყონდიდელობა შემოდგომისას მარტვილში აღინიშნება. მთელი დღის მანძილზე იმართება სახალხო სეირნობა, ცოცხლდება დიდი მწიგნობართუხუცესის, გიორგი ჭყონდიდელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი კადრები.  მარტვილის საკათედრო ტაძარში აღევლინება დიდი კოლხის მოსახსენებელი წირვა-ლოცვა.

მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ხობში
address

ხობის მონასტერი

ზაფხულში, ყოველ მეორე წელს მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე მეგრული ეთნო მუსიკისა და ცეკვის მოყვარულები იკრიბებიან. ამ დღეს სამეგრელოსა და საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან ფოლკლორის დიდოსტატები. თუ თქვენ კოლხური სულისა და ხასიათის უკეთ შეცნობა გსურთ- მოდით ფესტივალზე!

ლამპრობა
address

თეთნულდი- სამთო-სათხილამურო კურორტი

ლამპრობა, სვანების მისტიური ტრადიციაა. ამ დღეს, ადრე გაზაფხულზე, თებერვლის თვეს აღნიშნავენ. ალიონზე სვანები ანთებული ლამპრებით გამოდიან, კონებად კრავენ. უხუცესი მოსავლიანობის ქალღმერთს ხვავიან წელს ავედრებს. სხვა ვერსიით კი, სვანები ლამპრის ცეცხლით მიცვალებულთა სულებს ათბობენ... ასეა თუ ისე, ამ ღამის ნახვა ერთ რამედ ღირს- ლამპრების ცეცხლით განათებული სვანეთი განსაკუთრებულად იდუმალი და მისტიურია!

ფაზისობა
address

ფოთი

აგვისტოს ბოლო შაბათ-კვირას, ფოთში, უძველეს ანტიკურ ქალაქში სახალხო დღესასწაული, ფაზისობა იმართება. ამ დღეს ფოთში სახალხო სეირნობა, სხვადასხვა სახის კონცერტი, გამოფენები, ბაზრობები იმართება. ბოლო წლებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს  ფაზისობაზე გამოფენილი ზღვის პროდუქტების გამოფენა.

პარტნიორები