,,მენჩურუა“ ანუ იგივე ,,წყალჭიდი“ იმართება მთიანი სამეგრელოს სოფელ მუხურში, მდინარე ხობისწყალზე, თამარ მეფის დროინდელ ხიდთან, ყოველი წლის აგვისტოს თვეში. სპორტული შეჯიბრება-ფესტივალი საკმაოდ პოპულარულია სოფელში და მასზე დასასწრებად როგორც მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიდან, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც ჩამოდიან.
მეცნიერთა ვარაუდით, მენჩურუა ანუ წყალჭიდი კოლხ მებრძოლ ზღვაოსანთა შექმნილია და დაახლოებით 3 ათასწლოვან ისტორიას ითვლის. შეჯიბრება იმართება მდორე, ღრმა და სუფთა წყალში, მსაჯის ნიშანზე, მეტოქეები ერთმანეთთან ბრასით მიცურდებიან და ცდილობენ ხელის თავში, კისერში ან მხრებში ჩავლებით მოწინააღმდეგე ჩაძირონ. წაგებულად ითვლება ის, ვისაც თავზე წყალი გადაუვლის. შეჯიბრება ძიუდოს წონითი კატეგორიების შესაბამისად (7 წონით კატეგორიაში) და ძიუდოს ტურნირების მსგავსი სტრუქტურით იმართება. აკრძალულია წყლის განზრახ შეშხეფება, განზე გახტომა, გაქცევა, მაჯაში ხელის ჩავლება, ხელ-ფეხის ჩარტყმა, წელსა და ფეხზე ჩამოკიდება - ამ წესის დამრღვევი შეჯიბრებიდან იხსნება.