შხეფის ციხე გამორჩეულია მისი მდებარეობითა და არქიტექტურით. მაღალ გორაკზე შეფენილი ეს უზარმაზარი ციხე-სიმაგრე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე ყოველი მხრიდან. აღსანიშნავია, რომ შხეფის ციხე ხილულია სამეგრელოს ცენტრალური საავტომობილო გზიდანაც.
შხეფის ციხის უნიკალური არქიტექტურა შემონახულია შვეიცარიელი მოგზაურის დიუბუა დე მონპერეს რუკაზე 1830 წელს. ციხის არქიტექტურის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ კოშკებს გააჩნდა ერთმანეთისგან განსხვავებული ცილინდრული, პირამიდული და სვანური გადახურვის ფორმა, რაც იშვიათობას წარმოადგენს საქართველოსთვის. ციხის ეზოში შემორჩენილია მცირე ეკლესიის ნანგრევებიც, ამავდროულად აქ არის წყლის ავზი, რაც ჰიდროტექნიკური გადაწყვეტის შედევრს წარმოადგენს, რადგან ამხელა სიმაღლეზე ზიარჭურჭელის პრინციპით წყალი ქვემოდან ადიოდა.
შხეფის ციხე შუა საუკუნეების საქართველოს საფორტიფიკაციო ნაგებობის მართლაც საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. ერთ-ერთი ვერსიით შხეფის ციხე არის ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული ციხე-სიმაგრე ონოგურისი, სადაც 555 წელს ბიზანტიასა და სპარსეთს შორის კავკასიაზე გავლენის კუთხით მნიშვნელოვანი ბრძოლა მოხდა.
ციხემდე მისასვლელი საავტომობილო გზა კეთილმოწყობილია.