მარტვილში მოგზაურობისას, აუცილებლად ეწვიეთ მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, სადაც დაგხვდებათ ადრეული ქვისა და ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური არტეფაქტები, რომელთა რაოდენობა ამჟამად 55 000 ერთეულს აღემატება. მუზეუმში ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ სამეგრელოში აღმოჩენილი გეოლოგიური, პალეონტოლოგიური, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული კოლექციები. აქ ნახავთ სამუშაო და საბრძოლო იარაღებს, სარიტუალო ქვებს, სამკაულებს, რომელთა სილამაზე არ დატოვებს მნახველს გულგრილს. აღმოაჩენთ, რომ ქვევრში, უძველეს ქართულ ჭურჭელში, კოლხები არა მხოლოდ ღვინოს ინახავდნენ, არამედ იყენებდნენ როგორც საძვალეს.
მუზეუმში ძველი კოლხური ხორბლისა და ღომის მარცვლეული კულტურების ნიმუშებიც ინახება, აქვეა უნიკალური საკოლექციო კოლხური ვაზის ნაკვეთი და ეთნოგრაფიული კუთხეც.
მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ასევე დაცულია ძვ. წ IV-II საუკუნეების ოქროს მონეტები, კოლხური თეთრი, X-XVIII საუკუნის ვერცხლის მონეტები და სხვა. ასევე შეძლებთ ქართველი მხატვრების, ლადო გუდიაშვილისა და ელენე ახვლედიანის ფერწერული ნამუშევრების ხილვას. მუზეუმის სტუმრობით გამოწვეული შეგრძნებები და შთაბეჭდილებები დიდხანს აღიბეჭდება თქვენს გონებაში.