X საუკუნის უმნიშვნელოვანესი ტაძარი ქ. წალენჯიხასთან ახლოს, შემაღლებულ გორაზე მდებარეობს. აქ განისვენებს სამეგრელოს ყველაზე ცნობილი და ძლევამოსილი მთავარი ლევან II დადიანი და მისი მეუღლე დარეჯან ჭილაძე. წალენჯიხის ეკლესია გამორჩეულია მისი მოხატულობითა და წარწერებით. ცნობების მიხედვით, შიდა ინტერიერი, რომელიც XIV საუკუნის კონსტანტინოპოლის სკოლის ერთადერთი შემორჩენილი, ზუსტად დათარიღებული და ავტორის მიერ ხელმოწერილი ნიმუშია, ბიზანტიიდან საგანგებოდ მოწვეულმა მხატვარმა კირ მანუელ ევგენიკოსმა მოხატა.