შესვლა

ან

"სტუმრად ბებოსთან" - მოკლე ბლოგპოსტი

მომცრო გორაკზე დგას ერთსართულიანი ოდა-სახლი, დარაბებფანჯრებიანი ოთახებითა და ყვავილების ორნამენტებიანი აივნით, რომელსაც, კოლხური ტრადიციისამებრ, წინ აკრავს კოხტად მოვლილი, მწვანე ბალახით მობიბინე ეზო, ერთ-ერთ კუთხეში გვიმწამოდგმული ჭითა და ოწინარით... სახლის უკან ე.წ. სამზადი სახლია, ოდნავ მოშორებით საქონლის აგვარა, ბეღელი და სხვა დანიშნულების ნაგებობანი. გამრჯე ხელი ეტყობა ეზოს მიმდებარე დაბალ ფერდობზე გაშენებულ ბოსტანს, ხეხილის ბაღსა და ყანას... სწორედ ამ სახლისკენ მიგვითითეს მეზობლებმა, როდესაც ტურისტული პროდუქტი ,,სტუმრად ბებოსთან" ვიკითხეთ. მართა ბებომ რეალურად არც იცის, რომ ტურისტები ვართ, -  მისთვის ჩვენ მისი შვილიშვილების მეგობრები ვართ, რომელთაც ის განსაკუთრებული სითბოთი უმასპინძლდება. მართა ბებომ ოდა-სახლის უკან, ,,სამზად სახლში" მიგვიპატიჟა, სადაც მარჯვნივ, დიდ დირეზე, არანაკლებ მეტრნახევარი სიგრძის ხურმის ჩირის ასხმები კიდია. ჩირის რიგის ბოლოში გუდაა ჩამოკიდებული, სადაც ტილისკვერი (ტყლაპი) და ჯანჯუხები (ჩურჩხელა) მოჩანს. ჰა რომელი კომპოტი გაგიხსნათ? გვეუბნება მართა ბებო მისთვის ჩვეული თბილი ჩაღიმებით და ხის თაროებისკენ მიგვითითებს. შემდგომ შვილიშვილს მიმართავს და ეუბნება, ეხლა ნუ დაატაკებ სტუმრებს ცხელ საწებელს გუშინდელივით, კუჭს გაგიხვრიტავთ, შავფეხა ვარიას დავკლავ და ჭამეთ მასთან ერთად რამდენიც გინდათ, თან ეზოში გადის... ედუკი თავისას არ იშლის და ხელადით  ჩვენთვის მალულად ამოაქვს მოთუხთუხე ცხელ-ცხელი საწებელს გვისხამს ღვინის ჭიქაში და ნელ-ნელა ვიწყებთ წრუპვას. მთელ ტანში გვაციებს, მერე  ნელ-ნელა სითბო გვეპარება, ჩუმად კუთხეში ვჯდებით და მართა ბებოს ჩუმ მონაყოლს ვუსმენთ მეჩაიეს წინასწარმეტყველებაზე, ჭინკას ცეკვაზე, გვასალიას გაჭირვებაზე... და ბევრ სხვა საინტერესო მოიადაზე...

გარეთ ონჯუაა ჩვენ კი შებოლილი ყველის, პომიდვრის საწებელში ამოვლებული შავი ვარიის და მეგრული ჯანჯუხას არომატებში ვხვდებით ამ ონჯუას, როგორც მეგრელები უწოდებენ ,,საღამოს". კარგი ქენით რომ შემოგვიარეთ - გვემშვიდობება მართა ბებო, მისთვის ჩვეული კეთილი ჩაღიმებით და თან ზამთრისთვის შენახულ ტილისკევრს და ხილს გვაყოლებს... ჩვენც ვემშვიდობებით მართა ბებოს და ბავშობამონატრებული ემოციები მიგვაქვს...

პარტნიორები