მთიანი სამეგრელოს ძირში, - ლაკადაში, რომელსაც ეგრისის ქედი შუბლივით გადმოყურებს, აჯიკის სახლებია მოწყობილი. მწვანედ მოხასხასე ეზოს მარჯვნივ მეგრული წესით მოწესრიგებული ბოსტანია, სადაც ომბალოს, ყვითელი პირის, სამშურეს, ქონდრისა და კიდევ სხვა უცნობი სანელებლების კვლები მოჩანს. ეზოს შუაგულში ზუსტად 85 წლის წინ აგებული კოლხური ოდა-სახლია, მის გვერდით კი ჯარგვალი. ჩვენს ყურადღებას განსაკუთრებით ჯარგვალი იქცევს, სადაც ცირა დეიდასთან აჯიკის დამზადების მასტერკლასი უნდა გავიაროთ. ჯარგვალი მიწურიატაკიანია, შუაცეცხლით; დირეზე კოპეშიებია (გოგრები) ჩამწკრივებული, ხოკო ცალკე და თხელკანა ცალკე; კედლებზე წიწაკის აცმები კიდია, კვასკვასი აღარ გაუდის, რადგან კვამლისგან ფერი იცვალა, მაგრამ სწორედ ეს ხდება მისი პიკანტური გემოს ხიბლი, რაც მასპინძლის აჯიკას განსაკუთრებულ ჯანსა და ღონეს აძლევს. ცირა დეიდა ველური ბლისგან გამოთლილ ქვინჯეში (ქვასანაყი) ჯადოსნური არომატების შექმნას გვიჩვენებს და ჩვენც ვიმეორებთ.
შუაცეცხლზე მამაპაპისდროინდელი ლანჭა - რკინის დიდი ჯაჭვი ქანაობს, სადაც უზარმაზარი ჩუანი (ქვაბი) კიდია და შიგ ჩვენ მიერ მომზადებული აჯიკით შენელებული პომიდვრის წვენი იხარშება. ,,ცეცხლი და მახვილი იქნება" ვეუბნები ჩემს გერმანელ სტუმარს და თვალს ვუკრავ, რომელიც ხის კველაზე (დაბალ სკამზე) ,,კაი მეგრელივით" წამომჯდარა და ცირა დეიდას მითითებით პომიდვრის საწებელს დიდი ჩოგნით ურევს რომ არ მიიწვას.
ცირა დეიდამ, ჯარგვალის ჭერში, სამეგრელოს ერთ-ერთი სიმბოლო ერთ რიგად ჩამოკიდებული კუპატი მოხსნა, რომელიც ამავე ჯარგვალში მომზადებული აჯიკით და ბროწეულის წვენით არის შეზავებული. იქვე აქნილი ღორის შაშხი მზად არის წკირზე წამოსაცმელად, რომ ცივ ,,სვართილ ღომთან" ერთად ტანდემში კულინარიული განცხრომა განგაცდევინოს. დესერტად აჯიკაში შეზავებული ნესვი, ჭყინტი სიმინდი და გოგრაც გველოდება. საბოლოოდ ყველა გემო ერთად გაცოცხლდა, არომატები ერთმანეთში შეერია და აჯიკის ჯარგვალი ერთ ეგზოტიკურ თავგადასავალად გადაიქცა. ჩემმა გერმანელმა მეგობარმა ცირა დეიდასგან რამდენიმე ქილა აჯიკაც შეიძინა და ახლა ზუსტად იცის მის ახალგაცნობილ დედამთილს რა უნდა აჩუქოს ფრაიბურგში...