მარშრუტი ტობავარჩხილის ტბამდე
7 place
მარშრუტის სირთულე: საშუალო
მარშრუტის სიგრძე: 72 კმ
მარშრუტის სიმაღლეები ზღვის დონიდან, საწყისი/უმაღლესი/საბოლოო: 278 მ/ 2900 მ/ 461 მ
მარშრუტის გასავლელად საჭირო დრო: 5 დღე
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: მარშრუტის მსვლელობისას დაფარვის ზონა ვრცელდება სოფლელ მუხურში, საბანაკე ადგილ ნათიფურუში და კურორტ სქურის მიდამოებში, ადგილ კირნახონამდე.
გადაადგილების საშუალებები: გადაადგილება შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით ადგილ ნათიფურუმდე, შემდეგ ცხენით და ფეხით ადგილ კირნახონამდე, ხოლო ადგილ კირნახონადან კურორტ სქურამდე ასევე შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით მისვლა.
მარშრუტის აღწერა: მარშუტი იწყება სოფ. მუხურში, მდ. ხობისწყლის ხეობით მიემართება ტობავრჩხილის ტბისკენ, გზად გაივლის: შურუბუმუს მღვიმეს, მინერალურ წყალ ლუგელას, გვალაშარას და ღუნჯის ჩანჩქერებს და ცაშკიბულის ტობავარჩხილის ტბას. ტობავარჩხილის ტბიდან მდ. მაგანას ხეობით გრძელდება ადგილ კირნახონამდე, საიდანაც მდ. ჭანისწყლის ხეობის გავლით სრულდება კურორტ სქურში.
I დღე. მარშრუტი იწყება სოფ. მუხურის ცენტრში, მდ. ხობისწყლის ხიდთან, საიდანაც სასოფლო გრუნტის გზა მიემართება ხობისწყლის ხეობისკენ. სოფლის გავლის შემდეგ, გზის ხელმარჯვნივ მალევე გვხვდება, მდინარეზე გადებული დაკიდული ხიდი, როლის გავლითაც შესაძლებელია შურუბუმს მღვიმემდე მისვლა და დათვალიერება. აქვეა მოწყობილი ტურისტული თავშესაფარი. შემდეგ მარშრუტი სატყეო გრუნტის გზით გრძელდება ხობისწყლის ხეობის აყოლებით და გაივლის ლუგელას მინერალურ წყლს, გვალაშარას (სადაც შესაძლებელია ჩანჩქერებზე კანიონინგის მარტივი სირთულის მარშრუტის გავლა) და ღუნჯის ჩანჩქერებს. ადგილ შელეთში მარშრუტი უხვევეს ხელმარცხნივ და სერპანტინებით ადის ადგილ ნათიფირუში, სადაც არის მწყემსების ყოფილი სადგომი, რომელიც ეხლა ტურისტულ თავშესაფრად გამოიყენება, აქვეა წყაროც და შესაძლებელია დაბანაკება და ღამისთევა. მარშრუტი მთლიანად მიუყვება სატყეო გრუნტის გზას, მხოლოდ ბოლო 300 მ არის საფეხმავლო ბილიკი, მისი გავლა დიდ სიძნელეებთან არ არის დაკავშირებული და მიეკუთვნება მარტივი სირთულის კატეგორიას.
I I დღე. საბანაკე ადგილ ნათიფურუდან მარშრუტი, ტყის ზონიდან გადადის ალპურ ზონაში და ცაშკიბულის ტობავარჩილისკენ მიდის საფეხმავლო ბილიკთ. ადგილ კალაშამდე დიდი სიმაღლეებზე ასვლა არ ხდება, მხოლოდ შემდეგ იწყება უღელტეხილი, საიდანაც ეშვება ცაშკიბულის ტობავარჩხილის (ოხოჯე) ტბისკენ. ცაშკიბულის ტობავარჩხილიდან მარშრუტი უღელტეხილის გავლით გრძელდება ტობავარჩხილის (ჭითაგვალაშ ტობავარჩხილი) ტბისკენ. ორივე უღელტეხილის გადავლა სიფრთხლეს მოითხოვს რადგან გვიწევს ნაშალზე და ნაწილობრივ მყინვარზე გადაადგილება. ტობავარჩხილის ტბასთან შესაძლებელია დაბანაკება და ღამისთევა კარვებში. მარშრუტის ეს მონაკვეთი მიეკუთვნება საშუალო სირთულის კატეგორიას.
I I I დღე. ტობავარჩხილის ტბიდან მცირე უღელტეხილით ბილიკი გადადის ხობისწყლის ხეობის სათავეებში, სადაც მალევე გვხვდება დიდიღალის ტბა. აქედან დაღმართზე ნახევარი საათის სავალზე არის მეორე ულამაზესი ტბა კალაში. კალაშის ტბიდან ციცაბო უღელტეხილის გადავლით შესაძლებელია მოხვედრა წაქაწყარის ტბაზე, აქ ბილიკი მყინვარზე და ნაშალზე გადადის, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, სასურველია სპეციალური აღჭურვილობის ქონა (თოკი, წრიაპი და სხვ.). წაქაწყარის ტბიდან მარშრუტი უკან ბრუნდება ტობავარჩხილის ტბისკენ, რომლის შემდეგ გრძელდება მდ. მაგანას ხეობისკენ საბანაკე ადგილ ჯიქირამდე. ბილიკი ხეობამდე ჩადის ციცაბო დაღმართით, რომლის შუა ადგილზე გვხვდეაბ დაახლოებით 40 მ სიმაღლის მაგანას ჩანჩქერი. საბანაკე ადგილ ჯიქირში შესაძლებელია დაბანაკება და ღამისთევა. აქვეა მწყემსების სადგომი. მარშრუტის ეს მონაკვეთი მიეკუთვნება საშუალო სირთულის კატეგორიას, მხოლად ტბა კალაშიდან ტბა წაქაწყარზე გადასასვლელი მონაკვეთი მიეკუთვნება რთული სირთულის კატეგორიას.
IV დღე. საბანაკე ადგილ ჯიქირიდან ბილიკი ხეობის ჩაყოლებით, ჯერ მიუყვება მდინარე მაგანას მარჯვენა ნაპირს, შემდეგ მდინარეზე გადებული საფეხმავლო ხიდით გადადის მდინარის მარცხენა ნაპირზე და ჩადის საბანაკე ადგილ ჯალარამდე. აქედან გადაკვეთს მდ. ჯალარას და აღმართით ადის ფერდობზე, საიდანაც იწყება ძველი სატყეო გრუნტის გზა, გზა ეშვება მდინარე ცხავაშელას ხეობაში. მდ. გადავლის შემდეგ მარშრუტი გრძელდება საბანაკე ადგილ კირნახონამდე. აქ მოწყობილია ტურისტული თავშესაფარი სადაც შესაძლებელია დაბანაკება და ღამის გათენება. მარშრუტის ეს მონაკვეთი მიეკუთვნება საშუალო სირთულის კატეგორიას.
V დღე. ადგილ კირნახონადან კურორტ სქურისკენ ეშვება სატყეო გრუნტის გზა. მარშრუტი აქ დაღმართს მიუყვება. კურორტ სქურთან გადაკვეთს მდ. ჭანისწყალს და მთავრდება მინერალურ წყაროსთან. მარშრუტის მთლიანად მიუყვება სატყეო გრუნტის გზას, მისი გავლა დიდ სიძნელეებთან არ არის დაკავშირებული და მიეკუთვნება მარტივი სირთულის კატეგორიას.
მთელი მარშრუტის განმავლობაში სასმელი წყალი ხშირად გვხვდება, ამიტომ მისი დიდი რაოდენობით მომარაგება საჭირო არ არის.
სრულად